ბაიდენი ამბობს, რომ ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელია პუტინი
„ნავალნის ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა - სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა,“ - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე გააკეთა
„პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის გარდაცვალებაზე, პუტინი პასუხისმგებელია იმისთვის, თუ რა დაემართა ნავალნის, და ეს პუტინის სისასტიკის კიდევ უფრო დიდი დასტურია. არავინ უნდა მოტყუვდეს, არც რუსეთში, არც აქ, არც სადმე მსოფლიოში, პუტინი სამიზნეში იღებს არამხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, როგორც ამას ახლა უკრაინაში ვხედავთ, არამედ, საშინელ დანაშაულებებს ჩადის საკუთარი ხალხის მიმართაც.
დღეს ბევრი ადამიანი მსოფლიოსა და რუსეთში ნავალნის გლოვობს, ვინაიდან მას ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა - სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა და ყველაზე გავრცელდებოდა,” - განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ უნდა მოაბილიზოს შეერთებული შტატები, რათა დაფინანსება უზრუნველყოს უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის წინააღმდეგ.
„შემდგომი დაფინანსების წარუმატებლობა „არასდროს იქნება დავიწყებული“, აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ციხეშიც კი იყო ნავალნი სიმართლის ძლიერი ხმა. „მას შეეძლო, უსაფრთხოდ ეცხოვრა ემიგრაციაში 2020 წელს მასზე განხორციელებული მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რამაც იგი თითქმის მოკლა, თუმცა ის დაბრუნდა რუსეთში - მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ სავარაუდოდ, დააპატიმრებდნენ, შესაძლოა, მოკლავდნენ, თუ გააგრძელებდა თავის საქმეს. „მაგრამ მან ეს მაინც გააკეთა. იმიტომ, რომ ძალიან ღრმად სწამდა თავისი ქვეყნის, რუსეთის," - განაგრძო ბაიდენმა.