ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიუნხენში მოლაპარაკებები გამართეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვან ისა და ენტონი ბლინკენს შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრა „გულწრფელი, მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული“ იყო.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ენტონი ბლინკენთან ჩინეთის კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხი განიხილა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა მოსაზრებები სხვადასხვა რეგიონული საკითხის, მათ შორის „უკრაინის კრიზისისა და კორეის ნახევარკუნძულის შესახებ გაცვალეს.“
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვან ისთან შეხვედრისას ენტონი ბლინკენმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიმართ ჩინეთის მხარდაჭერის გამო შეშფოთება გამოთქვა.
„მხარეებმა გამართეს გულწრფელი და კონსტრუქციული დისკუსია ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და ურთიერთობებში კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის ძალისხმევის ფარგლებში. მდივანმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ჩვენს ინტერესებს, ღირებულებებს და ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებს.
მდივანმა ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მდივანმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომისადმი ჩინეთის მხარდაჭერის, მათ შორის, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერის გამო. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე და დაადასტურეს, რომ მათი შესაბამისი მაღალი თანამდებობის პირები უნდა შეიკრიბონ ამ დისკუსიების გასაგრძელებლად.
მდივანმა განიხილა მისი ბოლო მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონში. ორივე მხარემ აღიარა მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებით, შეერთებულ შტატებსა და PRC-ს შორის კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობა,“ აღნიშნავს მილერი.