ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, Trump Organization-ის აქტივების შეფასებისას თაღლითობისთვის 354,9 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ტრამპი ყოველწლიურად, ათი წლის განმავლობაში, თავისი საოჯახო ბიზნესის წმინდა ღირებულებას 3,6 მილიარდი დოლარით ზრდიდა, რაც საშუალებას აძლევდა, მიეღო უფრო ხელსაყრელი სესხის პირობები.
სასამართლომ ასევე აუკრძალა ტრამპს სამი წლის განმავლობაში ნიუ-იორკის ნებისმიერი კომპანიის დირექტორობა ან თანამშრომლობა. იმავე პერიოდის განმავლობაში, ტრამპსა და მის კომპანიებს აკრძალული აქვთ სესხის მოთხოვნა ნიუ-იორკის ნებისმიერ ფინანსურ დაწესებულებაში.
ამას გარდა, სასამართლომ ტრამპის უფროს ვაჟებს - უმცროს დონალდსა და ერიკს - ოთხ-ოთხი მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულება დააკისრა. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო "თაღლითობის მრავალრიცხოვან შემთხვევებში". ასევე, მათაც ეკრძალებათ ორი წლის განმავლობაში კომპანიების ხელმძღვანელობა ნიუ-იორკში.
Trump Organization-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ალენ ვაისელბერგი, რომელმაც დანაშაული აღიარა საგადასახადო თაღლითობის შესახებ სხვა საქმეში, მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმას გადაიხდის. სასამართლომ მას ნიუ-იორკის ნებისმიერი კომპანიის ფინანსების მართვა სამუდამოდ აუკრძალა.
ტრამპმა მის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ "კუდიანებზე ნადირობა" და "არჩევნებში ჩარევა" უწოდა.
ამერიკელების ბოლოდროინდელი გამოკითხვების მიხედვით, ტრამპი, რომელიც 2017-2021 წლებში იყო პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის პოტენციური გამარჯვებულია. ამ შემთხვევაში, ის კონკურენციას გაუწევს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატს, ჯო ბაიდენს და რამდენიმე დამოუკიდებელ-უპარტიო კანდიდატს.