პოლონელი მინისტრი ზურაბიშვილს: თქვენ შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ სააკაშვილის გათავისუფლებაში

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთობლივ დისკუსიაში მონაწილეობის დროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა. პოლონელი მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს მოექცნენ სამართლიანად და რომ მის გათავისუფლებაში ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია.


„ჩვენ გვახსოვს, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდა ხოლმე თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის არის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანონის უზენაესობას, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მის მიმართ მოპყრობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, მას მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდათ,“ - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ზურაბიშვილი დისკუსიაში სახელწოდებით - „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ მონაწილეობდა.


პანელის მონაწილეთა შორისი ასევე იყვნენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს წევრი რადოსლავ სიკორსკი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი, დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი.