უმუშევრობის დონე 0.7%-ით შემცირდა და 15.3% შეადგინა - საქსტატი

2023 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3 პროცენტი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.


„2023 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 74.3 ათასი კაცით (8.4%) და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით შემცირდა (1.6%) და 413.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 0.9 ათასით (0.4%) და 248.6 ათასი შეადგინა.


2023 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით და 46.0 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.5 პროცენტს და 43.9 პროცენტს შეადგენს.

2023 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.8 პროცენტი შეადგინა.


2023 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.6 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 13.5 პროცენტს და 16.8 პროცენტს შეადგენს.


სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.3 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.9 პროცენტული პუნქტით.

2023 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია ქალებში 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.2 პროცენტული პუნქტით“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.