ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, წითელ ზღვაში საზღვაო მისიის განლაგებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, წითელ ზღვაში საზღვაო მისიის განლაგებას, რომელმაც ჰუსიტებისგან გემების დაცვა უნდა უზუნველყოს, მხარი დაუჭირეს.

საზღვაო მისია, სახელწოდებით Aspides, გულისხმობს ევროპული ხომალდების და საჰაერო ხომალდების ადრეული გაფრთხილების სისტემების გაგზავნას წითელ ზღვაში, ადენის ყურესა და მიმდებარე წყლებში. მისიაში მონაწილე გემებს ცეცხლის გახსნის ბრძანებას მისცემენ, თუ ისინი თავდასხმის ობიექტები გახდებიან. ოპერატიული სარდლობა საბერძნეთის ქალაქ ლარისაში იქნება.


„ევროპა უზრუნველყოფს წითელ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. გარდა კრიზისზე რეაგირებისა, ეს არის ნაბიჯი ზღვაში ევროპული ყოფნის გაძლიერებისკენ ჩვენი ევროპული ინტერესების დასაცავად," - დაწერა ევროომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე ( X).

ცნობილია, რომ მისიაში გაწევრიანებაზე უკვე შეთანხმდნენ საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ბელგია. მისიას უხელმძღვანელებს ბერძენი წარმომადგენელი, ხოლო იტალიელი წარმომადგენელი იქნება პასუხისმგებელი ზღვაზე ოპერატიულ კონტროლზე.


ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად.

შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა.


ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.


შეგახსენებთ, აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს იანვრის დასაწყისში დაარტყეს.  აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა აღნიშნა, რომ დარტყმები განხორციელდა სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს.