ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ძველი შენობების დემონტაჟი დაიწყეს

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ინვესტორმა ამორტიზებული შენობების დემონტაჟი დაიწყო, უახლოეს პერიოდში ადგილზე სამშენებლო ტექნიკასაც შეიყვანენ, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით მან „მინისტრს“ სამშენებლო სამუშაოების გეგმისა და გრაფიკის წარდგენა დაავალა.


შეხვედრაზე, რომელშიც „მთავრობის“ წევრებიც მონაწილეობდნენ საწვავის ბაზარზე არსებული ვითარებაც განიხილეს.

2023 წლის შემოდგომაზე გახდა ცნობილი, რომ სოხუმის აეროპორტს აღადგენს შპს „ინფრასტრუქტურის განვითარება“, რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია.