რუსეთის ბაზარზე ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ, შესაძლოა, ინდოეთსა და უგანდაში წარმოებული მსუბუქი ავტომანქანებიც გამოჩნდეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
როგორც „იზვესტია“ წერს, 2023 წელს ჩინეთის ავტოკონცერნებმა რუსეთის ბაზრის ნახევარი აითვისეს და 550 000-ზე მეტი ავტომობილი(Chery, Haval, Geely) გაყიდეს, 2004 წელს კი ამ რიცხვის 600 000-მდე გაზრდას აპირებენ. რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ სერგეი კატირინის განცხადებით, რუსულ ბაზარზე დამკვიდრების პესპექტივა აქვთ ინდურ Tata Motors-ს და ირანულ Iran Khodro-ს და Saipa-ს.
რუსეთში უკვე იყიდება ირანის კომპანია Iran Khodro-ს მიერ წარმოებული მსუბუქი ავტომობილები, რომელთა ფასი 1,5 მილიონი რუბლიდან იწყება. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ინდოეთის მწარმოებლები რუსეთის ბაზრის ათვისებას აპირებენ.
რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე, უგანდაში წარმოებული ავტომობილებიც გამოჩნდება. საუბარია ამ ქვეყნის სახელმწიფო კომპანია Kiira Motors Corporation-ის მიერ გამოშვებულ ავტომანქანებზე.
უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული სანქციების საფუძველზე, რუსეთში აკრძალულია ამერიკული, ევროპული და იაპონური ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი.