ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინისთვის დრონების მიწოდება დაიწყო. ნიდერლანდებმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ ლატვიის ხელმძღვანელობით შექმნილ კოალიციაში, რომელიც უკრაინას უპილოტო თვითმფრინავების მოწინავე ტექნოლოგიას მიაწოდებს, მონაწილეობას მიიღებს.
„ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ უკვე უკრაინაში უპილოტო თვითმფრინავებს ვაგზავნით,“ - განუცხადა ოლონგრენმა ბალტიისპირეთის გამოცემა „დელფთან“ ინტერვიუში.
ნიდერლანდები დანიასთან ერთად ჩაუდგა სათავეში F-16 გამანადგურებელ თვითმფრინავებზე ორიენტირებული კოალიციის შექმნას. 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, ნიდერლანდებმა პირობა დადო, რომ უკრაინაში 24 F-16-ს გაგზავნის. ოლონგრენი დარწმუნებულია, რომ თვითმფრინავების პირველი ტრანსფერი მიმდინარე წელს მოხდება.