ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2025 წლის 25 თებერვლამდე გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ კიდევ ერთი წლით გააგრძელა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გამო რუსეთისთვის 2022 წლის ოქტომბერში დაწესებული სანქციები.

სანქციები 2025 წლის 25 თებერვლამდე იქნება ძალაში.


ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის 23 თებერვალს და ასევე, 2022 წლის 6 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს რეგიონების უკანონო ანექსიის საპასუხოდ დააწესა. საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება შეზღუდვების გეოგრაფიული ფარგლების გაფართოების შესახებ, რათა მოიცავდეს უკრაინის ტერიტორიას, რომელსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს.


„ვიდრე რუსეთის ფედერაცაია უკანონო ქმედებებით განაგრძობს ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას, მიზანშეწონილია, შევინარჩუნოთ კავშირის მიერ ამჟამად დაწესებული ყველა ზომა და საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ დამატებითი ზომები. შესაბამისად, 2022/266 გადაწყვეტილების (CFSP) გათვალისწინებული შემაკავებელი ზომები უნდა გაგრძელდეს კიდევ 12 თვით, 2025 წლის 24 თებერვლამდე,“ - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები 2014 წლიდანაც, ყირიმის ანექსიის გამო მოქმედებს. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ევროკავშირს მიღებული აქვს რუსეთის საწინააღმდეგი სანქციების 12 პაკეტი და კიდევ ერთს ამზადებს ომის დაწყების ორი წლისთავის, 24 თებერვლისთვის.