ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გააორმაგოს ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში - სამი გზავნილი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გააორმაგოს ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში. მან ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა და საქართველოს მიმართ სამ გზავნილზე გაამახვილა ყურადღება.


„ეს თქვენი პირველი ვიზიტია ამ რანგში. თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ძალიან სერიოზულად უდგებით საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი პირველი ასოცირების საბჭო საქართველოსთან, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან, ჩვენ გადავედით ახალ სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში. ეს დისკუსია, რაც ჩვენ გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ხაზს უსვამს ჩვენს ორმხრივ ვალდებულებას, მივაღწიოთ შეუქცევად პროგრესს საქართველოს გაწევრიანების გზაზე. მაგრამ შრომა იწყება ახლა. კანდიდატი ქვეყანა მოითხოვს ახალ ძალისხმევას და ის ასევე ზრდის ხელისუფლების, ოპოზიციის, ყველას პასუხისმგებლობებს. სამოქალაქო საზოგადოება, ყველა მხარე, ყველა ქართველი უნდა იყოს ჩართული რეფორმის პროგრესში.


ნება მომეცით სამი გზავნილი გადმოგცეთ. პირველი: თქვენ უნდა დააჩქაროთ რეფორმების განხორციელება, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ჩათვლით, საიმისოდ, რომ ცხრა ნაბიჯი შესრულდეს, რაც ჩვენი რეკომენდაციაა. ამისათვის თქვენ გყავთ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში. ეს მოითხოვს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას პოლიტიკური დაძაბულობის შესამცირებლად.


მეორე გზავნილი: ჩვენი კავშირი არის საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული კავშირი. ეს საფუძვლები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ და სახიფათო გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენ მივესალმებით თქვენს სტრატეგიულ არჩევანს ევროკავშირის წევრობის მიმართ. ჩვენ აღვნიშნავთ მცირე ზრდას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ზრდას ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის კუთხით. მომავალ წლებში ამ თანხვედრაში მნიშვნელოვან ზრდას ველით.

ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და რიტორიკის გავრცელებით [საქართველოში] და მოგიწოდებთ, გააორმაგოთ ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციისა და საგარეო ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამას (მცდელობებს,რედ.)უფრო მეტად ვიხილავთ ევროკავშირის მომავალ არჩევნებში და შესაძლოა, თქვენს არჩევნებშიც.

მესამე: ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. წინა წინადადებას ვუკავშირებ თქვენი საარჩევნო პროცესის შესახებ. ჩვენ მივესალმებით აქამდე განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს და მოგიწოდებთ, დაასრულოთ ისინი მომავალი არჩევნების წინ, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის,” - განაცხადა ბორელმა.


მან ხაზი გაუსვა საქართველოს მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობას და დააფიქსირა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

„და ბოლოს, თუმცა ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა, გამძლეობა იმისთვის, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ მნიშვნელობას რაც ეკისრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ჩვენ გვყავს ევროკომისარი საქართველოში, გვყავს მონიტორინგის მისია და ძალიან დიდი ძალისხმევა კეთდება ამ მიმართულებით.


ჩვენ ასევე მასობრივად გავაძლიერეთ თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსთან. ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით, ინჟინერიის, ლოგისტიკისა და კიბერთავდაცვის [შესაძლებლობების] მხარდაჭერით, რაც დღეისათვის [თითქმის] 63 მილიონ ევროს შეადგენს. წელს ეს მხარდაჭერა გაიზრდება,“ აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. როგორც მან აღნიშნა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო და ამ კარში გავლა, დამსახურებაზეა დაფუძნებული.