ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ეს წელი კრიტიკულია უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და გარე ჩარევის წინააღმდეგ (FIMI) ბრძოლისთვის, რადგან 204 წელს ბევრი არჩევნები გვაქვს. ბორელის შეფასებით, დრო და ფრთხილი დაგეგმვა არსებითია ასეთი უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის დასაძლევად.


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ FIMI-ის აქტორები აქტიურად ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, სთავაზობენ ალტერნატიულ მოდელს, აიძულებენ ხალხს, რომ ყველაფრის მიმართ უნდობლობა ჰქონდეთ - მათ შორის, ინსტიტუტების მიმართ.

მათ სურთ, ტოქსიკურად შეაღწიონ ჩვენს საზოგადოებებში, მოწამლონ ისინი,“ აღნიშნა ბორელმა. მან ისაუბრა ამ ყველაფრის შემაკავებელ ფაქტორებზეც, მათ შორის, პროპაგანდაში ჩართული პირების სანქცირებაზე, ასევე, ევროპაში დეზინფორმაციული არხების აკრძალვაზე.


დეზინფორმაცია ასუსტებს სოციალურ ქსოვილს, წამლავს დემოკრატიებს, რადგან მხოლოდ ინფორმაცია იძლევა დემოკრატიას. დემოკრატია არის სისტემა, რომელიც მუშაობს ინფორმაციის, კარგი ინფორმაციის საფუძველზე. ამიტომ, დიქტატურები, პირველი, რასაც აკეთებენ, არის გაზეთების დახურვა, ცენზურის დაწესება და ინფორმაციის დაბლოკვა. ლიბერალურ დემოკრატიებს არ შეუძლიათ, იცხოვრონ ინფორმაციის გარეშე, სანდო ინფორმაციის გარეშე და დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის გარეშე, როგორიცაა, არჩევნები. და თუ გვსურს, დავიცვათ დემოკრატია, თუ გვინდა, დავიცვათ თავი მანიპულაციისგან, უნდა ჩავერთოთ ამ ბრძოლაში ისეთივე სიმძლავრით, როგორც ჩვენ თავს გვესხმიან. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ წარმოვადგინეთ სტრატეგიული კომპასი, რომელიც გეგმავდა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებას, ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი ზომები საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა ევროკავშირის უმღლესმა დიპლომატმა.


გარდა ამისა, ბორელის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ახდენს ნამდვილ რევოლუციას იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ, კონტენტით მანიპულირება.

„დღეს გაცილებით იაფი ჯდება და [უფრო] რთულია, ამოიცნო სრულიად მცდარი ინფორმაცია, რაც კიდევ უფრო სახიფათოს ხდის ასიმეტრიულ საფრთხეებს ჩვენი დემოკრატიებისთვის. და რატომ წელს? იმიტომ, რომ 2024 წელი კრიტიკული წელია FIMI-სთან საბრძოლველად, რადგან ბევრი არჩევნები გვაქვს. მსოფლიოში 60 არჩევნები გაიმართება. ორ მილიარდ ადამიანს - მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 50%-ს - მოეთხოვება ხმის მიცემა. ევროპარლამენტში, შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და მსოფლიოში ბევრგან, არჩევნები გახდება ბოროტმოქმედი უცხოელი აქტორების მთავარი სამიზნე, როგორც ეს შარშან ესპანეთის არჩევნებში ვნახეთ.


„2024 წელი კრიტიკული წელია უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და გარე ჩარევის (FIMI) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ახლა ჩვენ ბევრად უფრო დაუცველები ვართ ამ საფრთხის მიმართ, რადგან ინფორმაცია ბრუნავს სინათლის სიჩქარით, ხოლო მანიპულირება და ჩარევა ინდუსტრიულ საქმიანობად იქცა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. ახლა ყველას აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მაგრამ პრობლემა ის არ არის, რომ წაიკითხო და იცოდე, პრობლემა ის არის, რომ გამოავლინო დეზინფორმაცია, ინფორმაცია, რომელიც მცდარია და რომელმაც შეიძლება, მთლიანად გააფუჭოს შენ მიერ რეალობის აღქმა,“აღნიშნა ბორელმა. 


შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“

ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.