თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ავდიივკის დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგია. მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა რუსეთის თავდასხმების შეჩერების შესაძლებლობა, ვიდრე საბრძოლო მასალა არ დაუმთავრდა.
„განსაკუთრებით საბრძოლო მასალის საარტილერიო სახეობები, რომლებიც იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსული ძალებისთვის უკრაინულ თავდაცვით ხაზებამდე მისვლასა და ამ პოზიციების დაპყრობაში შეეშალა ხელი,” - განაცხადა კირბიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინელების მიერ ავდიივკადან გამოსვლა არ უკავშირდება სიმამაცის, სამხედრო მმართველობის, ტაქტიკური გამბედაობის ან უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უნარების ნაკლებობას.
„ეს კონგრესის უმოქმედობის გამო მოხდა. ვაფრთხილებდით კონგრესს, რომ მისი უმოქმედობის შემთხვევაში უკრაინა დანაკარგებს განიცდის ბრძოლის ველზე, რაც მოხდა”, - განაცხადა კირბიმ.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-ის ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ავდიივკას არ დაკარგავდა იმ შემთხვევაში თუ „მიიღებდა ყველა საჭირო საარტილერიო ჭურვს, რომლებიც დაცვისთვის სჭირდება.“
„ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს. კანონპროექტის მიღება - ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცები ფრონტზე გაიგზავნოს, დროა საჭირო. და სანამ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, პლუს გაითვალისწინეთ ლოგისტიკა, მთელი ეს დრო ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ თავს გაწირავენ ფრონტზე, რუსეთის უფრო დიდი ძალების წინააღმდეგ დაცვაში,“ - განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიზეზი, თუ რატომ არიან უკრაინელი სამხედროები იძულებულნი „საკუთარი თავი გაწირონ და მოკვდნენ“, იმაში მდგომარეობს, რომ “ვიღაცები ჯერ კიდევ განიხილავენ გადაწყვეტილებას.”
„პატივს ვცემ [აშშ-ის] შიდა პოლიტიკას და მასში არ ჩავერევი, მაგრამ მინდა, ყველას ახსოვდეს, რომ ერთ ადგილში დებატების ყოველი დღე სხვა ადგილში კიდევ ერთ სიკვდილს უდრის,” - განაცხადა კულებამ.