დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა, ევროკომისიის პრეზიდენტმაურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს (EU) შორის ახალი შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.
შეთანხმება მოიცავს სურსათით ვაჭრობას, ხელოვნური ინტელექტს (AI), ახალგაზრდების გადაადგილებას. ენდი ბერნჰემმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების შესაძლო ვარიანტებს განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო „კარგი დღე“ დიდი ბრიტანეთისა და ევროპისთვის და შეთანხმებას შეუძლია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა წელიწადში 17 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე გაზარდოს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
კერძოდ, გაერთიანებული სამეფოს სტუდენტები კვლავ „მიიღებენ მონაწილეობას Erasmus+-ის პროგრამაში“. ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ დაასრულეს მოლაპარაკებები ახალგაზრდების მობილობის სქემასთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ეს სქემა 100 000 ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას, სამ წლამდე დრო გაატარონ „ერთმანეთის ქვეყნებში“, სადაც ისინი შეძლებენ მუშაობას, მოგზაურობას, სწავლასა და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას. ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს გეგმა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ახალგაზრდები „განსაზღვრავენ მომავალს.“
ასევე დასრულდა მოლაპარაკებები სასურსათო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან დაკავშირებულ შეთანხმებებზე.
შედეგად, მომხმარებლებისთვის ხარჯები შემცირდება.
ასევე დასრულდა მოლაპარაკებები ნახშირბადის ბაზრების დაკავშირების თაობაზე. ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებას და ინვესტიციების მოზიდვას უფრო სუფთა ინდუსტრიებში. ეს ასევე ნიშნავს „იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე გადაჭარბებული დამოკიდებულების“ შემცირებას. ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი იწყებენ დიალოგს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე, რათა უკეთ დაიცვან მომარაგების საკვანძო ჯაჭვები. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სავაჭრო ბლოკი და გაერთიანებული სამეფო ასევე იწყებენ ციფრულ პარტნიორობას და „ერთობლივი ინოვაციების შექმნის უზარმაზარი პოტენციალი აქვთ.
„ჩვენ ვაძლიერებთ საერთო უსაფრთხოებას. გუშინ ჩვენ შევხვდით ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე, სადაც ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ევროპის ერთიანობას და სიძლიერეს. ჩვენ დავასრულებთ რუსეთის აგრესიულ ომს ერთიანობით და სიძლიერით. ომის შემდეგ შევინარჩუნებთ მშვიდობას მხოლოდ ევროპული ერთიანობით და სიძლიერით. ბოლო ხუთმა წელიწადმა გვაჩვენა ევროპული ერთიანობა და სიძლიერე და ეს განსაკუთრებით ევროკავშირს და ბრიტანეთს ეხება.
უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში ჩვენ თანამშრომლობა გვაძლევს ძლიერ საფუძველს. ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავებთ თავდაცვით შესაძლებლობებზე და სამხედრო მობილურობაზე და უკეთესად დავიცავთ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას. ჩვენ ვხსნით გზას ბრიტანეთის მონაწილეობისთვის ჩვენი სამოქალაქო უსაფრთხოების და თავდაცვის მისიებში და ჩვენ ასევე გავაძლიერებთ თანამშრომლობას ჰიბრიდული საფრთხეების, ჰიბრიდული თავდასხმების და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი დემოკრატიები. ჩვენ შევებრძოლებით უკანონო მიგრაციას. გვაქვს ლა-მანშის არხთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რაც მოგვცემს ცხად საფუძველს ერთობლივი მოქმედებისთვის,“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის და ბრიტანეთის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, 2016 წლის 23 ივნისს გამართულ რეფერენდუმზე, ბრიტანეთის ზრდასრული მოსახლეობის უმრავლესობამ ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა. გაერთიანებული სამეფო ორგანიზაციას თავდაპირველად 1973 წელს შეუერთდა. კენჭისყრის შედეგად, 52%-მა 48%-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას. ამ პროცესს „ბრექსიტი“ (Brexit) ეწოდა — რაც სიტყვების „Britain“ (ბრიტანეთი) და „Exit“ (გასვლა) შეერთებით მიღებული ტერმინია.