ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია: ჩვენი სურვილი იქნებოდა, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონოდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბაჟანია რუსულ სააგენტო ტასსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სოხუმში დაინტერესებული არიან „საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით.“

„მთლიანობაში ჩვენი სურვილი იქნებოდა, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონოდა. ამის თქმა შემიძლია, ჩვენ საქართველოს ხალხთან არავითარი ანტაგონიზმი არ გვაქვს, ჩვენ პრეტენზიები გვქონდა მათთან ვინც ეს ომი გააჩაღა და მათთან, ვინც ამ ომში მონაწილეობდა. ამან შეცვალა ყველაფერი საფუძვლიანად,“ - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.


ბჟანიას თქმით, დღეს „არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი, დამოუკიდებლობა, რომელიც მხარდაჭერილია რუსეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიერ.“

„ჩვენ განვითარების ჩვენი გზა გვაქვს და მას მივსდევთ. ამასთან დაინტერესებული ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით, ეს ერთი ამბავია, მეორე ამბავი ისაა, რომ გვესმის, ეს რამდენად არაა მარტივი.


მაგალითად ავიარეისები, რომელიც სალონიკიდან (საბერძნეთი) სტამბოლში (თურქეთი) სრულდება, წერენ სალონიკი-კონსტანტინოპოლი, იყო ასეთი ფაქტი, კონსტანტინოპოლი ბერძნული მართლმადიდებლური ქალაქი იყო, მაგრამ ის ახლა ასეთი აღარაა, იყო ასე მაგრამ შეიცვლა, როდესაც ამას გაიგებენ საქართველოს ხელმძღვანელები, მაშინ ნორმალური ურთიერთობების დამყარების პროცესები სხვა დინამიკას შეიძენს,“ - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა.

ბჟანიამ კვლავ ისაუბრა საქართველოს მთავრობის „პრაგმატულ მიდგომაზე.“