NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ რუსეთის ნებისმიერ მუქარა მიუღებელია.
იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
„საქართველოს NATO-ს ახლო პარტნიორია და ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. NATO აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ ნებისმიერი მუქარა მიუღებელია,”- აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერაზეც.
„ამ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავია. უკრაინის გასვლა ავდიივკიდან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინებს გადააჭარბეს კიდევ ერთხელ.
NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის და F-16-ის აღჭურვილობისთვის,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისვე თქმით, ალიანსის პარტნიორები ასევე თამაშობენ მთავარ როლს და მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველო ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს და ათასობით უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლობს.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, რომელსაც ვიცი, რომ საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ნაოსნობის თავისუფლებას. ეს ასევე გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე მთელ მსოფლიოში. ასე რომ, მივესალმები მოკავშირეების ძალისხმევას, რომლებიც მუშაობენ შავი ზღვის განაღმვაზე, რაც მას უფრო უსაფრთხოს გახდის ნავიგაციისა და ვაჭრობისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ NATO-საქართველოს პარტნიორობას და მის შემდგომ განვითარებას.
მე მივესალმები მიღწეულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და უსაფრთხო კომუნიკაციები. ასევე გილოცავთ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებას.
ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შიდა რეფორმების გაგრძელება და გაძლიერება, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველოს სწვლა სწორი მიმართულებით.
მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ. ევროატლანტიკურ ოჯახში სრულუფლებიანი წევრობისკენ. NATO გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას, როდესაც თქვენ მუშაობთ ამ მისწრაფებების განხორციელებაზე,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.