ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა საქართველოს მოქალაქე, რომელიც რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი

ჩეხეთის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს გადასცა საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი, რომელიც რამდენიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი .

გავრცელებული ცნობით, ფოლად ომაროვი აშშ-ის პოლიციის ესკორტს პრაღის აეროპორტში გადასცეს. საქართველოს ექსტრადირებული მოქალაქე რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, მათ შორის, ფულის გათეთრებასა და ნიუ-იორკში ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვაში.


მედიის ინფორმაციით, პირი, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა, ირანის მთავრობის კრიტიკოსია, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა და ბრუკლინში, ნიუ-იორკში ცხოვრობს. კაცი გასული წლის იანვარში დააკავეს და ივლისში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა, პაველ ბლაჟეკმა მისი ექსტრადიცია დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ ომაროვმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ის საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა.


აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ფოლად ომაროვი 2022 წელს ჩართული იყო ირანელი-ამერიკელი აქტივისტი ქალის, მასიჰ ალინეჯადის ნიუ-იორკში, მის სახლში მკვლელობის დაგეგმვაში. ომაროვს და კრიმინალური დაჯგუფების ლიდერობაში ეჭვმიტანილ რაფატ ამიროვს ბრალად ედებათ აშშ-ის მოქალაქის, ხალიდ მეჰდიევის დაქირავება და მისთვის 30 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა აქტივისტის მოკვლის სანაცვლოდ. ჩეხეთის პოლიციამ ომაროვი 2023 წლის იანვარში დააკავა, საერთაშორისო ორდერის საფუძველზე.