უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში შვიდი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საჰაერო ძალებს, ყველას, ვინც იცავს ჩვენს ცას. კარგი შედეგებია რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით. შვიდი საბრძოლო თვითმფრინავი - რუსული “სუ“ მოიერიშე - ერთ კვირაში. მადლობას გიხდით ჩვენო ჯარისკაცებო სიზუსტისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული გამანადგურებელი სუ-34 ჩამოაგდეს, ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა 21 თებერვალს განაცხადა.
საჰაერო ძალების ცნობით, ეს არის მეშვიდე რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში გაანადგურა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 21 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 338 თვითმფრინავი დაკარგა.