არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.
ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, 2018 წლის 22 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილი სამ პირთან ერთად იმყოფებოდა ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ცხედარი ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თითქმის ორ თვეში გადმოასვენეს. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
2020 წლის დეკემბერში, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ მიმართ ინტერპოლის მიერ, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.