რუსები გაჭიანურებული ომისთვის ემზადებიან - ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ ომი, რომლის სწრაფად, თავის სასარგებლოდ დასრულების იმედიც ჰქონდა რუსეთს, გაჭიანურდა, ამიტომ კრემლის ხელისუფლება გამუდმებით ცდილობს მის გამართლებას რუსი ხალხის თვალში.


დიდი ბრიტანეთის დაზვერვა კრემლის განცხადებას ციტირებს. კერძოდ, 2024 წლის 14 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, როგორც ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ, დროთა განმავლობაში მან კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ ომის ფორმა მიიღო - როდესაც „კოლექტიური დასავლეთი, შეერთებული შტატების მეთაურობით, უშუალოდ არის ჩართული ამ კონფლიქტში.“


ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ნარატივი ზოგადად შეესაბამება რუსული ოფიციალური რიტორიკის ტენდენციას, რომლითაც კრემლი ცდილობს კონფლიქტის ხანგრძლივობისა და რუსეთის დანაკარგების მასშტაბის გამართლებას, დასავლეთთან პირდაპირი კონფლიქტის წარმოჩენის გზით.


ამასთან, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პესკოვმა გააგრძელა იმის აღიარება, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ „შეიძლება, ცოტა ხანს გაგრძელდეს, მაგრამ ეს ვერ შეცვლის მოვლენების მიმდინარეობას.“

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, „ეს არის რუსული ოფიციალური ნარატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს შიდა აუდიტორიის მომზადებას გრძელვადიანი კონფლიქტისთვის და ამით გამოწვეული ცხოვრების დონის დაქვეითებისთვის, ასევე, რუსეთის „საბოლოო გამარჯვებისადმი ნდობის უზრუნველყოფას.“