„დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.
დღესვე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა, ასევე სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპულის ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ყვავილებით შეამკეს.
უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.