დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა უკრაინისთვის 247,4 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ უკრაინას ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა სურს, მან დიდი რაოდენობით დახმარება უნდა მიიღოს. სწორედ ამ კონტექსტში წვლილის შეტანას იმ იმედით ვაგრძელებთ, რომ იგივეს უფრო მეტი სახელმწიფო არა 6 ან 12 თვის შემდეგ გააკეთებს, არამედ ახლა, როცა ამის საჭიროება ძალიან დიდია,“ - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა.
„უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენი ბრძოლაა," - აღნიშნა დანიელმა მინისტრმა. გარდა ამისა, დანია უკრაინას თავის პირველ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს ამ ზაფხულს გადასცემს.
ფრედერიკსენმა დღეს ასევე განაცხადა, რომ დანია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
მან განაცხადა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში შექმნილი ყველაზე სერიოზული სიტუაციაა.
„თუ ჩვენ ერთად არ დავდგებით, უკრაინა ვერ გადარჩება და პოტენციურად შეიძლება, ევროპაც ვერ გადარჩეს“, - განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა.
ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და დანიას შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დანია უკრაინას სამხედრო და სამოქალაქო სფეროში დაუჭერს მხარს.
„აღნიშნული ვალდებულებებით საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან მკაფიო და ცალსახა სიგნალს ვუგზავნით, რომ ჩვენ უკრაინას სრულად ვუჭერთ მხარს, მათ შორის, გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში დანიის პრემიერ-მინისტრს მეტე ფრედერიკსენს შეხვდა და უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შესაძლო თარიღები განიხილა.