უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანისთვის აღჭურვილი M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო.
„ათობით ეს საევაკუაციო ჯავშანმანქანა უკვე ჩამოვიდა უკრაინაში. კიდევ რამდენიმე ასეულს ელოდება უახლოეს მომავალში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ომში მხარდაჭერისთვის," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა.
მისი თქმით, ეს სატრანსპორტო საშუალებები უფრო ეფექტიანია უგზოობის პირობებში დაჭრილების ევაკუაციის დროს.
მანქანების უკრაინაში გადაცემის შესახებ ესპანეთის მთავრობამ 15 თებერვალს განაცხადა.
M113 არის მრავალმხრივი ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც სერიულ წარმოებაში იყო 1960 წლიდან 2007 წლამდე. ის დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა შეერთებული შტატების მთავარ ჯავშანტრანსპორტიორად და ასევე, მნიშვნელოვანი რაოდენობით მიეწოდებოდა სხვა ქვეყნებს. ჯავშანტრანსპორტიორი განკუთვნილია 13 ადამიანის გადასაყვანად და მისი ჯავშანი უძლებს ნაღმის ფრაგმენტებსა და 14,5 მმ კალიბრამდე ტყვიებს.
უნივერსალურ ჯავშანტრანსპორტიორებს უკრაინის შეიარაღებული ძალები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან აქტიურად იყენებენ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მათი გადაყვანის შესახებ რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა. მაგალითად, 2023 წლის 20 ივნისს პორტუგალიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის, მათ შორის, ჰაუბიცების და M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ასევე, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიურმა კომპანიამ უკრაინას ათი მოდერნიზებული M113 მიაწოდა. ამასთან, ლიეტუვამ უკრაინაში ათი M113-ისა და საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ განაცხადა.