ლატვიის პარლამენტმა 22 თებერვალს მხარი დაუჭირა ბელორუსიდან და რუსეთიდან მარცვლეულის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას, რითაც გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც მსგავსი ზომა მიიღო.
ლატვიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 2023 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ 2023 წელს ლატვიის გავლით ევროკავშირში 380 000 ტონაზე მეტი რუსული მარცვლეული იყო იმპორტირებული, რაც დაახლოებით 80 000 ტონით მეტია 2022 წელთან შედარებით. ეს მაჩვენებელი არ მოიცავს რუსეთიდან ლატვიის გავლით, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გადატანილ მარცვლეულს.
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა 24 იანვარს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას „როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური მიზეზების გამო.“
აკრძალვა ძალაში ორ კვირაში შევა და ამასობაში მთავრობა გადაწყვეტს, თუ რომელ პროდუქტს შეეხება შეზღუდვები.