სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბრის და ოქტომბრის მოვლენების დროს, რუსეთის მაღალჩინოსნები სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ კანონიერად არჩეული, ლეგიტიმური მთავრობის დამხობისკენ. ფაშინიანი გულისხმობდა პერიოდს, როცა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაბრუნებას სომხეთში მოჰყვა საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბოლო წლებია, რუსული ტელეარხები აწარმოებენ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას სომხეთის ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ამასთან, სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დახურვა დღის წესრიგში არ დგას, ხოლო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები „ინსტიტუციური ტრადიციების ფარგლებშია."
2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს.
2023 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. 2023 წლის ოქტომბერში სომხეთმა უარი თქვა ყირგიზეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე, ხოლო ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს, რომელიც მინსკში ჩატარდა.