საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა იქმნება

საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება. ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონის პროექტს შეიმუშავებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნებისმიერ პირს კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, ნებაყოფლობით შეეძლება.


„საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელშიც შეინახება გენეტიკური მონაცემები. ასევე, განისაზღვრება დნმ მონაცემების სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული სუბიექტების ჩამონათვალი, ამასთან, ნებისმიერ პირს ნებაყოფლობით შეეძლება, კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.


საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის თანახმად, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას (დაახლოებით 13 მილიონ ლარამდე).