სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება. მისი თქმით, ბაქოს ოფიციალური განცხადებები „დასავლეთ აზერბაიჯანის“ შესახებ ნიშნავს, რომ სომხეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს აზერბაიჯანულად მიიჩნევს.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი პრაქტიკულად არ ცნობს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მისი საზღვრების ხელშეუხებლობას, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიურ დონეზე აზერბაიჯანი ირწმუნება, რომ მას არ აქვს თავდასხმის განზრახვა.
„ჩვენი ამოცანაა, სამშვიდობო შეთანხმებაში გამოვხატოთ სამი პრინციპი, რომელიც გამოცხადდა და გამოქვეყნდა საერთაშორისო პლატფორმებზე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში. ამ პრობლემებისა და ოფიციალური ბაქოს განცხადებების გაანალიზებით, მივდივართ დასკვნამდე, რომ, დიახ, სომხეთზე თავდასხმა ძალიან სავარაუდოა,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
17 თებერვალს, მიუნხენში, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა.