აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მეორე წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი ახალი სანქცია გამოაცხადა.
Europetime ბაიდენის განცხადებიდან ხუთ მთავარ გზავნილს გთავაზობთ:
- ამერიკელ და მთელი მსოფლიოს ხალხებს ესმით, რომ ამ ბრძოლის ფსონები უკრაინის ფარგლებს სცდება;
- თუ პუტინი არ გადაიხდის ფასს იმ მსხვერპლისა და განადგურებისთვის, რაც მოიტანა, ის გააგრძელებს და ხარჯები შეერთებული შტატებისთვის - NATO-ელ მოკავშირეებთან, ევროპელ და სხვა პარტნიორებთან ერთად, გაიზრდება;
- წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული კანონპროექტი, ვიდრე ძალიან გვიან არ არის;
- ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ უსაფრთხოება ევროპაში, გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება შინ და წინ აღვუდგეთ პუტინს;
- დროა, დავამტკიცოთ, რომ შეერთებული შტატები იცავს თავისუფლებას და ქედს არავის უხრის;
ამავე გამოსვლაში აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა:
„24 თებერვალს სრულდება ორი წელი მას შემდეგ, რაც უკრაინის დედაქალაქ კიევთან რუსული რაკეტების აფეთქება დაიწყო, რუსეთის ჯარებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის სასტიკი შეტევა დაიწყო.
მას სჯეროდა, რომ ადვილად შეეძლო თავისუფალი ხალხის სიმტკიცის დარღვევა, სუვერენულ ერში შეღწევა და სამყაროს გადატრიალება, რომ მას შეეძლო ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების საფუძვლების შერყევა.
ორი წლის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ იმას, რაც პირველი დღიდან ვიცოდით: პუტინმა ძალიან არასწორად გათვალა. უკრაინის მამაცი ხალხი იბრძვის, ქედუხრელია თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად ბრძოლაში.
NATO უფრო ძლიერი, უფრო დიდი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე და უპრეცედენტო, უკრაინის მხარდასაჭერად 50 ქვეყნისგან შემდგარი გლობალური კოალიცია, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, ერთგული რჩება უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების გაწევისა და რუსეთისთვის აგრესიის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ.“
„ამ ომიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინელი ხალხი აგრძელებს ბრძოლას უზარმაზარი სიმამაცით, მაგრამ მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ.
უკრაინას მეტი მარაგი ესაჭიროება შეერთებული შტატებისგან, რათა თავი დაიცვას რუსეთის დაუნდობელი თავდასხმებისგან, რაც ირანული და ჩრდილოეთ კორეული იარაღითა და საბრძოლო მასალის საშუალებით ხდება. კანონპროექტი სენატში უმრავლესობით მიიღეს და ეჭვგარეშეა, რომ თუ სპიკერმა კენჭისყრა დანიშნა, მას სწრაფად დაამტკიცებენ წარმომადგენელთა პალატაშიც.
კონგრესმა იცის, რომ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ უსაფრთხოება ევროპაში, გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება შინ და წინ აღვუდგეთ პუტინს.
ამ კანონპროექტის წინააღმდეგობა მხოლოდ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. ისტორია აკვირდება. ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერის წარუმატებლობის დავიწყება არ მოხდება. ახლა არის დრო, რომ მტკიცედ დავდგეთ უკრაინის გვერდით და გავერთიანდეთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან.“