- ორი წელი ომიდან: პუტინმა აღიარა, რომ მიზანს ჯერ ვერ მიაღწია; უკრაინა აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია; ბაიდენის ადმინისტრაცია, კიევის დახმარების საკითხის გარშემო, კონგრესში მიმდინარე დავის ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ „გამანადგურებელ სანქციებს“ აანონსებს.
ომის მეორე წლისთავის წინ, პირველ თებერვალს კიევმა ევროკავშირისგან ფინანსური რესურსის მიღების გარანტია მიიღო, როდესაც ბლოკი 50 მილიარდის ევროს მოცულობის პაკეტის მიღებაზე შეთანხმდა. თუმცა რუსეთის სარაკეტო იერიშების ფონზე, კიევი კვლავ აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია. ომიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში „მიზანს ჯერ ვერ მიაღწია.“
კიევი და მისი მთავარი პარტნიორი - აშშ, რომელმაც ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება გაიღო უკრაინისთვის, ახლა რესურსების შეფერხების უარყოფით გავლენებზე უკვე მიუთითებენ. ბრძოლის ველზე მძიმე სურათია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი მიიჩნევს, რომ „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს, რადგან მას კატასტროფული მომავალი ექნება“:
- „რადგან მოსკოვს ნომინალური კონტროლის საზღვრებში 40 მილიონი მტერი ეყოლება,“ ამბობს გობლი Europetime-თან.
„რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება, ვიდრე კრემლი არ გააცნობიერებს, რომ ვერ გაიმარჯვებს,“ - მიიჩნევს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. მისი განცხადებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და მას მიეწოდოს ყველაფერი, რაც სჭირდება.
პოლ გობლს, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას, არ სჯერა, რომ პუტინი ოდესმე წაგებას აღიარებს.
- „პუტინი გააგრძელებს საკუთარი ქვეყნის მსხვერპლად შეწირვას, რათა ძალაუფლება სიკვდილამდე შეინარჩუნოს,“ ამბობს პოლ გობლი.
ბაიდენის ადმინსტრაცია და უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებენ, რომ კონგრესი უკრაინისთვის კრიტიკულ დახმარებას დაამტკიცებს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ავდიივკის დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგია. მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა რუსეთის თავდასხმების შეჩერების შესაძლებლობა, ვიდრე საბრძოლო მასალა არ დაუმთავრდა.
„განსაკუთრებით საბრძოლო მასალის საარტილერიო სახეობები, რომლებიც იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსული ძალებისთვის უკრაინულ თავდაცვით ხაზებამდე მისვლასა და ამ პოზიციების დაპყრობაში შეეშალა ხელი,” - განაცხადა კირბიმ.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-ის ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ავდიივკას არ დაკარგავდა იმ შემთხვევაში თუ კიევი „მიიღებდა ყველა საჭირო საარტილერიო ჭურვს, რომლებიც დაცვისთვის სჭირდება.“
„ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს. კანონპროექტის მიღება - ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცები ფრონტზე გაიგზავნოს, დროა საჭირო. და სანამ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, პლუს გაითვალისწინეთ ლოგისტიკა, მთელი ეს დრო ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ თავს გაწირავენ ფრონტზე, რუსეთის უფრო დიდი ძალების წინააღმდეგ დაცვაში,“ - განაცხადა კულებამ. აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი აღნიშნავს, რომ ახლა თითოეული დღე გადამწყვეტია.
„ამ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავია. უკრაინის გასვლა ავდიივკიდან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინებს გადააჭარბეს კიდევ ერთხელ.
NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის და F-16-ის აღჭურვილობისთვის,” - განაცხადა თავის მხრივ, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსი სამხედროების მიერ ავდეევკის დაკავებას არ ექნება არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობა სიტუაციაზე.
- „ჩემზე, ისევე, როგორც ყველაზე, შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინის გამძლეობამ, რომელსაც საერთაშორისო მხარდაჭერა უმაგრებდა ზურგს, თუმცა ეს უკანასკნელი, მაგრამ არა პირველი, გარკვეულწილად, მცირდება,“ აღნიშნავს პოლ გობლი Europetime-თან.
უკრაინაში აშშ-ის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება, მათ შორის, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცდილობს, დააჩქაროს ახალი დაფინანსების დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ არ არსებობს „გეგმა B“ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი უარს იტყვის ინიციატივის მხარდაჭერაზე.
- „ომი ჩიხშია და გარკვეული პერიოდია, ასე გრძელდება. როგორც ჩანს, გადამწყვეტი წინსვლა არცერთ მხარეს არ შეუძლია,“ ამბობს Europetime-თან კლაუს ლარესი - ჩრდილოეთ კაროლინის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, ვუდრო უილსონის საერთაშორისო ცენტრის ანალიტიკოსი, ლარესი ასევე გახლდათ ჰარვარდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების მოწვეული მეცნიერი.
ანალიტიკოსის შეფასებით, პუტინს სურს, დაელოდოს აშშ-ის არჩევნების შედეგს ნოემბერში. „შესაძლოა, ტრამპმა უარი თქვას უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ დანამდვილებით ეს ჯერ არ ვიცით,“ - აღნიშნავს კლაუს ლარესი. ამერიკელ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ შტატების დახმარება სიტუაციას ახლა ალბათ, შეცვლიდა, თუმცა დანამდვილებით, პროგნოზების გაკეთება რთულია.
შტატებს უკვე მზად აქვს იმ დახმარების ჩამონათვალი, რომლის გაგზავნას უკრაინისთვის სასწრაფოდ გეგმავს, მას შემდეგ, თუ კონგრესი უკრაინისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის პაკეტს დაამტკიცებს. 23 თებერვალს, ომის მეორე წლისთავზე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა.
აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ გამაბადგურებელი სანქციები დააანონსა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
რუსთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზეა საუბარი 2024 წლის იანვარში, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშიც, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას ეხება.
ორგანიზაცია ახალი დასკვნების საფუძველზე წერს, რომ 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე რუსული თავდასხმის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის - ბევრი აშკარად უკანონო თავდასხმების შედეგად.
- „რუსული ძალების მიერ მარიუპოლის განადგურება და უკრაინული კულტურის წაშლის მცდელობა, უკრაინაში მათი სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავია.
- საერთაშორისო ორგანოებმა და მართლმსაჯულების ერთგულმა მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიებაზე, რომლებიც შესაძლოა, მარიუპოლში სამხედრო დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი,“ წერს HRW.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯონ რუსული ძალების მიერ მარიუპოლში საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი აშკარა სამხედრო დანაშაულების გამო. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ომი დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო „გააცნობიერებს პუტინის საფრთხეს.“