ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


„სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანისაგან მიიღო მიწვევა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმოს მისი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.“

ცნობისათვის, 9 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.