პუტინს უფლებას არ მივცემთ, უკრაინას მშობლიური მიწა და თავისუფლება წაართვას - გერმანია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს.


„შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა...ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს," - ამბობს შოლცი.


თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინის გვერდით იქნებიან, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

„731 დღე საჰაერო დარტყმების ქვეშ, სკოლის გაკვეთილები მეტროსადგურებში, ნგრევა და სიკვდილი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას პუტინს უკრაინას მშობლიური მიწა და თავისუფლება წაართვას. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით მანამ, სანამ თქვენ ეს დაგჭირდებათ. მანამ, სანამ ისევ მშვიდად ააშენებთ მომავალს," - აცხადებს ბერბოკი.