ორი წელი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან: ევროპელი ლიდერების გზავნილები

ევროპელი პოლიტიკოსები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ.

ფინეთი უკრაინას იქამდე დაუჭერს მხარს, სანამ საჭირო იქნება. უკრაინა და უკრაინელები სამართლიან და მდგრად მშვიდობას იმსახურებენ, - ნათქვამია ფინეთის მთავრობის განცხადებაში.


ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას სრული მხარდაჭერა სჭირდება.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მხარდაჭერის შესაძლებლობა და რესურსები გვაქვს. თავდაცვის წარმოება სწრაფად უნდა გავზარდოთ,“ - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.


„ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა. ნიდერლანდები ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდითაა,“ - აღნიშნა თავის მხრივ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰანკე ბრუინს სლოტმა.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა დაადასტურა, რომ ნიდერლანდები უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს.

„ეს პუტინი იყო, რომელმაც რუსეთის უკანონო აგრესიული ომი დაიწყო და ახლა სწორედ პუტინმა უნდა შეწყვიტოს იგი,“ - ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს.

„შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა...ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს," - ამბობს შოლცი.


თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინის გვერდით იქნებიან, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

„731 დღე საჰაერო დარტყმების ქვეშ, სკოლის გაკვეთილები მეტროსადგურებში, ნგრევა და სიკვდილი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას პუტინს უკრაინას მშობლიური მიწა და თავისუფლება წაართვას. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით მანამ, სანამ თქვენ ეს დაგჭირდებათ. მანამ, სანამ ისევ მშვიდად ააშენებთ მომავალს," - აცხადებს ბერბოკი.


„ტირანია ვერასდროს იზეიმებს, გაერთიანებული სამეფო უკრაინას გამარჯვებამდე მხარს დაუჭერს," - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.


"დადგა მომენტი, ვაჩვენოთ, რომ ტირანია ვერასდროს იზეიმებს და კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით დღესაც, ხვალაც. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ვიდრე არ გაიმარჯვებენ. ორი წლის წინ, როდესაც პუტინმა დაიწყო უკანონო შეჭრა, თავისუფალი სამყარო იყო ერთიანი რეაგირებაში. ჩვენ ერთად დავუჭირეთ მხარი უკრაინას. ამ სასტიკ თარიღზე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი სიმტკიცე," - აღნიშნა სუნაკმა.


„ძვირფასო უკრაინელო ძმებო და დებო, ამ საშინელი ომის 2 წლისთავზე მოგმართავთ უდიდესი პატივისცემით. თქვენ დაუმარცხებლობისა და გაუტეხლობის დიდებული მაგალითი უჩვენეთ მსოფლიოს. თქვენი სიმტკიცე და წინააღმდეგობა ყველა ლიეტუველისთვის ანათებს, როგორც იმედის შუქურა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით და არასოდეს დაგტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში," ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 2 წლისთავს X-ზე ეხმაურება.


„ორი წლის 23 თებერვლის საღამოს, კიევს ვტოვებდი. მე იქ ვიყავი უკრაინის მხარდასაჭერად. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. პოლონეთი მხარს უჭერდა, უჭერს და გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის თავისუფლებისთვის,“ ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავს ეხმაურება.


ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

მასალა განახლდება