რასაც ახლა პუტინი აკეთებს, სიძულვილიც კი არ არის, ეს სატანიზმია - ნავალნის მეუღლე

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვიდან 9 დღის თავზე, მისი მეუღლე იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ „რასაც ახლა პუტინი აკეთებს, სიძულვილიც კი არ არის - ეს სატანიზმია."


მისი თქმით, გამომძიებლების ქმედებების უკან, რომლებიც ნავალნის ცხედრის გადაცემაზე უარს ამბობენ, ვლადიმირ პუტინი დგას.

„დღეს 9 დღე გავიდა ჩემი ქმრის გარდაცვალებიდან. 9 დღე მას შემდეგ, რაც პუტინმა მოკლა ალექსეი ნავალნი. მაგრამ მკვლელობა არ იყო საკმარისი პუტინისთვის, ახლა მას მძევლად ჰყავს აყვანილი მისი ცხედარი, დასცინის დედას, აიძულებს, დათანხმდეს ფარულ დაკრძალვას...


ალექსეი გულწრფელად იყო დარწმუნებული, რომ კარგი ადამიანი უნდა იყო და სინდისის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე. რომ ღმერთი სიყვარულია, სასოწარკვეთა ცოდვაა. ციხიდან თავის წერილებშიც კი წერდა, რომ თავისი მწამებლები არ სძულდა. რასაც პუტინი ახლა აკეთებს - ეს სიძულვილია.


ეს სიძულვილიც კი არაა - ეს რაღაც სატანიზმი, წარმართობაა. რას უპირებთ მის ცხედარს? რამდენად დაბლა დაეცემით, თქვენ მიერ მოკლული კაცის თავზე დაცინვით? შანტაჟი, მუქარა, ულტიმატუმები. სერიოზულად? ესაა, რაც თქვენი ყალბი ლოცვებისა და უხუცესებთან საუბრის დროს გასწავლეს?


მომეცი ჩემი ქმრის ცხედარი. ჩვენ გვინდა, რომ მას პანაშვიდი ჰქონდეს და შემდეგ ადამიანურად, მიწაში დაკრძალონ, როგორც ეს მართლმადიდებლობაშია მიღებული. დაგვითმეთ ალექსი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. შენ ის ცოცხლად აწამე და ახლა მკვდარზეც იგივეს აგრძელებ. თქვენ დასცინით გარდაცვლილის ნეშტს. შეუძლებელია უფრო დიდი ეშმაკის წარმოდგენა... თქვენ არღვევთ ყველა კანონს: ადამიანურსაც და ღვთაებრივსაც," - აცხადებს იულია ნავალნაია.