ნავალნის დედა: ჩემი შვილის ცხედარი მანახეს - მუქარები დაიწყეს, საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე დაკრძალვას ითხოვენ

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი შვილის ცხედარი ანახეს.

მან აღნიშნა, რომ გამოძიება მისი შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას ითხოვს, ხოლო უარის შემთხვევაში იმუქრებიან.

„გუშინ საღამოს მორგში მიმიყვანეს, სადაც ალექსეი მანახეს. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მათთვის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია… მათ მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი, რომლებიც ვითომ ვნახე, ვითომ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო მოწმობას ხელი მოვაწერე. კანონით მათ მაშინვე უნდა მოეცათ ჩემთვის ალექსეის ცხედარი, მაგრამ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. ამის ნაცვლად მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ - სად, როდის და როგორ უნდა იქნას ალექსეი დაკრძალული. ეს უკანონოა.


მათ ბრძანებები მოსდით ან კრემლიდან, ან საგამოძიებო სამსახურის ცენტრალური აპარატიდან. მათ უნდათ, რომ ეს საიდუმლოდ მოხდეს, გამომშვიდობების გარეშე. უნდათ, რომ სასაფლაოს კუთხეში ახალ საფლავთან მიმიყვანონ და მითხრან: “აი აქ წევს თქვენი შვილი”. ამაზე თანახმა არ ვარ…

ამ ვიდეოს ვწერ, ვინაიდან მუქარები დაიწყეს: პირდაპირ თვალებში მიყურებენ და მეუბნებიან, რომ საიდუმლო დაკრძალვას თუ არ დავთანხმდები, ჩემი შვილის ცხედარს რამეს უზამენ. გამომძიებელმა ვოროპაევმა პირდაპირ მითხრა: “დრო თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, ცხედარი იხრწნება”. განსაკუთრებულ პირობებს არ ვითხოვ, მხოლოდ ის მინდა, რომ ყველაფერი კანონით მოხდეს. ვითხოვ, დაუყოვნებლივ გადმომცენ ჩემი შვილის ცხედარი,” - განაცხადა ნავალნაიამ.


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.

„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.

ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.


ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.