ზელენსკი: ჩვენი ქვეყნის დასრულებას არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში გამარჯვებისთვის იბრძვიან, მადლობა გადაუხადა.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინის პრეზიდენტი ჰოსტომელში - იმ ადგილას ჩავიდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „კიევის სამ დღეში აღება" უნდა დაწყებულიყო.


„სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო "კიევისა და უკრაინის 3 დღეში აღება." ორი წლის წინ, სწორედ აქ, ცეცხლით დავხვდით მტრის დესანტს. ორი წლის შემდეგ, აქ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს ვხვდებით. დიდებული ქვეყნის დიდებული ხალხი! თითოეული მათგანით წარმოუდგენლად ვამაყობ. თითოეული მათგანით აღფრთოვანებული ვარ. მე თითოეული მათგანის მჯერა. ომის დასრულება ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს სურს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დასრულებას არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს.

ამიტომ, ომის დასრულების შესახებ სიტყვებს ჩვენ ყოველთვის ვამატებთ: ჩვენი პირობებით. ამიტომ, სიტყვა მშვიდობის გვერდით ყოველთვის ჟღერს: სამართლიანი. ამიტომ, მომავალში სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღეს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰოსტომელში იგი ევროკომისიის პრეზიდენტსა და კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა.