„პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს, ისევე როგორც აქ, ჰოსტომელში,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დასავლელ ლიდერებთან ერთად, ჰოსტომელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტსა და კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ერთად ნებისმიერი სახის გეოპოლიტიკაზე უფრო ძლიერები ვართ. სახალხო ერთობას ნებისმიერ დიქტატორზე მეტის მიღწევა შეუძლია. და სიმამაცეს, უბრალო ხალხის სიმამაცეს, ისტორიის ისეთი ფურცლების გადაშლა შეუძლია, რომელიც ჩანდა, რომ არასდროს დასრულდებოდა. მე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას ვაფასებ.
მადლობას გიხდით ყოველი ნაბიჯისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ეს ომი სამართლიან დასასრულამდე მივიყვანოთ. პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს, ისევე როგორც აქ, ჰოსტომელში. მხოლოდ ამ გზით დადგება მშვიდობა,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯიორჯია მელონიმ აეროდრომს მოსკოვის წარუმატებლობისა და უკრაინის სიამაყის სიმბოლო უწოდა.
"ადამიანების გმირულმა საქციელმა შეცვალა ისტორიის გეზი. 24 თებერვალს ორი წლის წინ ერთი მათგანი აქ მოხდა,“ - აღნიშნა მელონიმ.
უკრაინისათვის სოლიდარობის გამოსახატად 24 თებერვალს კიევში ჩავიდნენ დასავლელი ლიდერები, მათ შორის, იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„კიევი გადარჩა. თქვენი გამბედაობა წინ გადაეღობა პუტინის გზას. თქვენ არ შედრკით და არ გაიქეცით. უკრაინელი გმირების მცირე რაზმმა ბოლო ტყვიამდე და ბოლო ამოსუნთქვამდე რომ იბრძოდა, დამპყრობელი უკუაგდო. თქვენ შეძელით რუსეთის შეტევის შეჩერება უკრაინის გულში. თქვენ გადაარჩინეთ თქვენი ქვეყანა, თქვენ გადაარჩინე მთელი ევროპა,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.