უკრაინა არასოდეს გამოიყენებს თავისი პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების მიერ მიწოდებულ იარაღს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე, გარდა, დროებით ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებისა. შესაბამისი განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, დასავლელ პარტნიორებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

უკრაინა დიდი ხანია, მოკავშირეებისგან შორი რადიუსის იარაღის მიღებას ითხოვს.


„უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, არ აქვს უფლება და არასოდეს გამოიყენებს თავისი პარტნიორების იარაღს სხვა ტერიტორიებზე, გარდა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიისა," განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე დღეს, 24 თებერვალს კანადის, იტალიის, ბელგიის პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი ჩავიდნენ.


უკრაინამ ამ ქვეყნებთან უსაფრთხოების შეთანხმებები გააფორმა. უკრაინამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების პირველ შეთანხმებას ევროპის მიღმა მდებარე სახელმწიფოსთან. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს დანიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან.