ევროკავშირი უკრაინას მარტის ბოლოსთვის 170,000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულბა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მარტის ბოლოს, ევროკავშირი უკრაინას თითქმის 170,000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის.


„ახლა აბსოლუტური პრიორიტეტია საარტილერიო ჭურვები. მარტის ბოლოს, ევროკავშირი გეგმავს უკრაინისთვის თითქმის 170,000 ჭურვის მიწოდებას და მუშაობს მარაგის მოცულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით,” - აღნიშნა კულებამ.


ამჟამად უკრაინელი სამხედროები საარტილერიო ჭურვების დეფიციტს შეერთებული შტატების მარაგის პრობლემების გამო განიცდიან, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმ ავდიივკიდან უკან დაიხიეს.

ამასთან, ევროკავშირმა პირობა დადო, რომ უკრაინას ჭურვებით დაეხმარება. დაგეგმილი იყო, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინას ერთი მილიონ ჭურვს 2024 წლის მარტამდე მიაწვდიდნენ. თუმცა ევროკავშირმა ვადა ვერ შეასრულა, ამიტომ, ის ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს. ახლახან, სამხედრო დახმარების პაკეტები, რომელშიც საარტილერიო ჭურვები შედის, დიდმა ბრიტანეთმა და ესპანეთმა გამოაცხადეს.


უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე დღეს, 24 თებერვალს კანადის, იტალიის, ბელგიის პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი ჩავიდნენ.


უკრაინამ ამ ქვეყნებთან უსაფრთხოების შეთანხმებები გააფორმა. უკრაინამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების პირველ შეთანხმებას ევროპის მიღმა მდებარე სახელმწიფოსთან. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს დანიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან.