უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა.
„კიდევ ერთი A-50 "ჩამოვარდება" და სადღეღამისო მორიგეობას შეჩერება მოუწევს," - აღნიშნა ბუდანოვმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ოკუპირებულ ყირიმში რუს ოკუპანტებს ახალი სიურპრიზები ელოდებათ. ბუდანოვი მშვიდობიან მოსახლეობას ქერჩის ხიდის გამოყენებას არ ურჩევს.
„რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო არა ორი წლის წინ, არამედ, ათი წლის წინ - უკრაინული ყირიმის ოკუპაციასთან ერთად. თუმცა არც უკრაინის სახელმწიფო და არც უკრაინელები არ დათანხმდნენ აგრესორის უფლების აღიარებას ყირიმის მიწაზე," - განაცხადა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, ოკუპანტების მიმართ ადგილობრივი უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგობა ერთი წუთითაც არ ცხრება.
„წარმატებული თავდაცვისა და კონტრშეტევისთვის ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ შავი ზღვა და ვიყოთ ყირიმის ნახევარკუნძულზე. დაკისრებული ამოცანები შესრულებულია. დაგპირდით, რომ 2023 წელს უკრაინული სპეცრაზმი ყირიმში იქნებოდა და ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. მტერს ახალი სიურპრიზები ელის და მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ ყირიმის ხიდის გამოყენებას არ ვურჩევ," - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.