უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის არმიაში საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტის გამო, ევროპის ქვეყნებიდან მესამე ქვეყნებში საბრძოლო მასალის ექსპორტი უნდა აიკრძალოს.
„ევროპაში წარმოებული საბრძოლო მასალის მესამე ქვეყნებში ექსპორტზე ყველა კონტრაქტი უნდა შეჩერდეს და ყველა ასეთი საბრძოლო მასალა უნდა გაიგზავნოს უკრაინაში. ევროპაში წარმოებული ყოველი ვაზნა უნდა ემსახურებოდეს ევროპის დაცვას ,“ - აღნიშნა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პარტნიორებთან ყოველ შეხვედრაზე ის საბრძოლო მასალის ნაკლებობაზე საუბრობს.
„მათ ყველაფერი იციან ამის შესახებ. მათ დაუშვეს შეცდომები, რასაც აღიარებენ. გვიან გადაწყვიტეს საკუთარი წარმოების გაზრდა, გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება და ახალი საწარმოო ხაზების ამოქმედება. სამწუხაროდ, ჩვენ ამ შეცდომების გამო შედეგებს ვიმკით", - განმარტა კულებამ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კულებასთან საუბრისას პირობა დადო, რომ ევროკავშირი უკრაინას მარტის ბოლომდე 170 000-მდე ჭურვს მიაწოდებს.