კრემლში ამბობენ, რომ თურქეთში პუტინი მარტის არჩევნების შემდეგ გაემგზავრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს ეწვევა მარტში რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან - ამის შესახებ კრემლმა 26 თებერვალს განაცხადა.


რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ორივე ლიდერის განრიგი "საკმარისად დატვირთულია" იმისთვის, რომ ერთმანეთს პირისპირ არჩევნებამდე შეხვდნენ.
პესკოვმა დასძინა, რომ ვიზიტისთვის მზადება გრძელდება, მაგრამ შესაძლო შეხვედრის თარიღი არ დაუზუსტებია.

თუ პუტინის ვიზიტი შედგა, თურქეთი გახდება NATO-ს წევრი პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთის ლიდერი ეწვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. 2022 წლის თებერვლის შემდეგ ერდოანი და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა თურქეთის ტერიტორიაზე. ორ ლიდერს შორის ასეთი შეხვედრა რუსეთის ქალაქ სოჭში გაიმართა, გასული წლის სექტემბერში. პუტინის შესაძლო ვიზიტზე ინფორმაცია ამ დრომდე არაერთხელ გავრცელდა და რამდენჯერმე თარიღიც დასახელდა.