ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვის მისიას დროებით ლატვია ჩაიბარებს

შაბათს, 2 მარტს, ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების (NAF) სამხედრო ავიაბაზა „ლიელვარდში“ ბალტიისპირეთის ქვეყნების NATO-ს საჰაერო პოლიციის მისიის გახსნის ცერემონია გაიმართება. მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში ლატვია აიღებს ბალტიისპირეთის თავზე NATO-ს საპატრულო მისიას, რადგან ესტონეთში, ანმარის საავიაციო ბაზაზე აეროდრომი მოდერნიზაციას გადის.


ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეში ახლა გერმანული სამხედრო თვითმფრინავები პატრულირებენ. საჰაერო მისია ბალტიისპირეთში ლიეტუვიდან და ესტონეთიდან ხორციელდება.

2004 წლიდან პატრულირება ხორციელდებოდა ლიეტუვაში, სიაულიაის საჰაერო ბაზიდან, მაგრამ 2014 წლიდან დამხმარე მისია ასევე განხორციელდა ესტონეთის ანმარის ბაზიდან. მისიის როტაცია ლატვიაში პირველად მოხდება. ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ვიდრე რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში განლაგებულმა მოკავშირეების მებრძოლებმა არამხოლოდ უნდა უპასუხონ რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ბალტიის საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევას, არამედ, უნდა ჩაატარონ პატრულირება რუსეთ-ბელორუსის საზღვართან მდებარე საჰაერო სივრცეშიც.