საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა არ უნდა დაელოდოს აშშ-ის არჩევნების შედეგებს, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას და საკუთარ უსაფრთხოებასროს უკრაინას და საკუთარ უსაფრთხოებას. მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს. საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს.
მაკრონმა ამის შესახებ პარიზში განაცხადა, სადაც უკრაინასთან დაკავშირებით არაფორმალური სამიტი გაიმართა. დაჟინებით ამტკიცებს რა, რომ რუსეთის დამარცხება აბსოლუტურად აუცილებელია ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, მაკრონმა განმარტა, რომ ევროპელები უნდა გადავიდნენ სიტყვებიდან მოქმედებაზე და მათ მიიღონ მკაფიო გადაწყვეტილებები, რათა ევროპული თავდაცვის საფუძველი ამერიკისგან დამოუკიდებლად შექმნან.
კითხვას უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში, მაკრონმა უპასუხა: „ჩვენ ვერ დაველოდებით არჩევნების შედეგებს, რათა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი.“
„ევროპის მომავალი სასწორზე დევს, ამიტომ გადაწყვეტილება ევროპელებმა უნდა მიიღონ. თუ სხვებს სურთ, შეუერთდნენ და დაეხმარონ მათ, ეს ფანტასტიკურია. მაგრამ ეს მხოლოდ დამატებითი ბონუსია,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია არა იმიტომ, რომ ევროპა არის პესიმისტური, ან გამოწვევის ეშინია, არამედ, უბრალოდ იმიტომ, რომ ევროპის მომავალი საფრთხეშია.
მისი თქმით, რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. ის ერთადერთი აგრესორია.
„ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს ომი გამოიწვია. რუსეთი ახლა აშკარად ახდენს გავლენას ჩვენს უსაფრთხოებაზე როგორც ტრადიციული, ისე ჰიბრიდული ომით," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვის ქმედებები ბოლო კვირებში მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს შეუძლია, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში NATO-ს ქვეყნებს შეუტიოს.