რაზე შეთანხმდნენ უკრაინის მოკავშირეები პარიზის არაფორმალურ სამიტზე

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ორშაბათს პარიზში გამართულ არაფორმალურ სამიტზე, უკრაინის პარტნიორებმა განიხილეს უკრაინის არამხოლოდ იარაღით უზრუნველყოფის საკითხები, არამედ, კიევის მხარდაჭერის სხვა ფორმებიც. 


მისი განმარტებით, ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის განაღმვის ძალისხმევის მხარდაჭერა, ისევე როგორც უკრაინის საზღვრის დაცვისთვის საჭირო წვრთნების მხარდაჭერა, როგორიცაა, მაგალითად, ბელორუსის საზღვარზე არსებული „მნიშვნელოვანი საფრთხის“ გათვალისწინება. ევროპელებმა ასევე განიხილეს უკრაინასთან სამრეწველო თანამშრომლობა, კერძოდ, სარაკეტო ინდუსტრიაში. დუდამ აღნიშნა, რომ „უკრაინას აქვს საკუთარი წარმოება, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების მფლობელობაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები შეიძლება, რომ „კიევისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.“


როგორც დუდამ განმარტა, უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს.

„ამ საკითხზე შეთანხმება არ მიღწეულა. აქ აზრები განსხვავდება, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ არსებობს,“ - განაცხადა ანჯეი დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზში გამართულ ევროპელი ლიდერების სამიტზე უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მწვავე დისკუსია გაიმართა.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა.


ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ შეიქმნება კოალიცია უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის. გარდა ამისა, ჩეხეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირის 15 ქვეყანა მზადაა, უკრაინისთვის ჭურვები ევროპის გარეთ იყიდოს.