საგარეო უწყება: საქართველო ემზადება ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის

საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის.

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.


საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის,“ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში, რომელიც უწყებამ Europetime-ს მიაწოდა.


ცნობისთვის, მოსკოვი ჟენევის დისკუსიების „სხვა ადგილას“ გადატანას მოითხოვს, განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ. მათი თქმით, საუბარია, კერძოდ, მინსკსა და ბაქოზე.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს.


ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს; ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).