პრეზიდენტი: შემოედინება დაფინანსება ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოში პრორუსული ჯგუფების აქტივობაზე. მან შესაბამის შეკითხვებს უპასუხა და გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს.

_ღელავთ თუ არა, რომ რუსეთს ისევ აქვს ამხელა გავლენა თქვენს ქვეყანაზე?

რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ.

ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება - როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით - კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს...


როგორც თქვენ ამბობთ, თქვენი ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია...

დიახ, ისინი ახლაც ოკუპირებულია, ამიტომ ასეთი საზოგადოებისათვის პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების ყოლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ არიან პრორუსული [ჯგუფები], რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად. საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.


ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენი ყურადღება სხვა ისტორიას მივაპყრო, რომელიც ჩვენ გამოვიკვლიეთ. როგორ იცით, თქვენს ქვეყანაში  1950 წლებიდან 2000-იან წლებამდე 100 000-მდე ჩვილი მოიტაცეს. ჩვენ ფოტოებს ვაჩვენებთ მაყურებელს, სადაც გამოსახულნი არიან 19 წლის ანა და ლიზა - ისინი ტყუპები არიან, რომლებიც დაბადებისას დააშორეს ერთმანეთს და 2005 წელს სხვადასხვა ოჯახს შავ ბაზარზე მიყიდეს. მათ დღეს ერთმანეთი იპოვეს. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა ვიდეომასალა, რომელიც ასახავს მაყვლასა და მის შვილ, დავითის შეხვედრას, ისინი პირველად ხედავენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც დედას უთხრეს, რომ მისი შვილი გარდაიცვალა, როცა სინამდვილეში ის გაყიდეს. ვიცით, რომ მთავრობა ამ საქმეებს იძიებს, მაგრამ რა სახის სამართალი აღსრულდა ამ ოჯახებისათვის, რა სახის კომპენსაცია არსებობს ასეთის შემთხვევაში? 

ამ ფაქტების გამოვლენის პროცესი, რომელებიც წლების წინ ხდებოდა და რომელმაც სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეძრა,  აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს, თუმცა, არ ვიცი რაიმე ფორმის კომპენსაცია მიენიჭათ თუ არა მათ [ოჯახებს], ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.