ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიის ევროპასთან დამაკავშირებლის შესაძლებლობების მხარდაჭერას განაგრძობს.
„კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაზრდაა. ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, რომ მე ეკონომიკური ოფიცერი ვარ და ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას მივუძღვენი. გასულ წელს ჩვენს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ ისტორიულ ნიშნულს, 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ არის.
მეტის გაკეთება მსურს. ჩვენ აშშ-ის სამთავრობო პროგრამების ფართო არჩევანი გვაქვს, რათა საქართველოს ახალ ბაზრებზე ექსპორტში დავეხმაროთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საჯარო, კერძო პარტნიორობას, რათა აქ მუშები იმ უნარებისთვის მოემზადონ, რომლებიც მათ სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობისთვის სჭირდებათ.
ივნისში მე აშშ-ში ქართული კომპანიების დელეგაციას ვუხელმძღვანელებ, რათა მონაწილეობა მივიღოთ „SelectUSA“-ში, რომელიც ჩვენი მთავარი საინვესტიციო და ეკონომიკური კონფერენციაა. საქართველოდან წასვლისას, მე მინდა იმის თქმა შევძლო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის იმაზე მეტი ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ასევე, ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ნაწილში მე „შუა დერეფანში“ საქართველოს როლს მხარს დავუჭერ. აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციამ ფოთის პორტში ტერმინალის ასაშენებლად 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლის, შესაძლებლობას ზრდის. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ, რომ შუა დერეფანში საქართველო ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“, - აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.