საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გადაითარგმნოს ეკონომიკურ, ხალხთაშორის ურთიერთობაში, უვიზო მიმოსვლაში, პირდაპირ ფრენებში, ინვესტიციებში. მან მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ „ამერიკას ბევრ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს, მაგრამ არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანის მკვიდრებს აქვთ უვიზო მიმოსვლა და არ ჰგონია, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის თავისი 3,5 მლნ მოსახლეობით მიგრაციული კუთხით რამე საფრთხეს წარმოადგენდეს.“
როგორც ის აღნიშნავს, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის გამოსვლას არ დასწრებია, თუმცა, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება საჭიროა.
„რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ის 32-წლიანი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ამერიკელი ხალხისგან, რომელსაც საქართველო მისი დამოუკიდებლობის მომენტიდან გრძნობს, რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკელი ხალხის, რომ გვერდში გვედგა ყველა ძნელბედობის ჟამს იმისთვის, რომ საქართველოს ქარტეხილები გაევლო, რომელიც ჩვენი 32-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში გვქონდა. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაღრმავება, განსაკუთრებით, ეს ეხება ეკონომიკურ და ხალხთაშორის ურთიერთობებს. პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა, ამ ურთიერთობების გაღრმავების ხედვა ძალიან ცხადი და აშკარაა, ჩვენი სურვილია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც ამდენწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს რეალურ, ხელშესახებ ეკონომიკურ და ხალხთაშორის ურთიერთობაშიც გადაითარგმნოს. კერძოდ, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაში, პირდაპირ ფრენებში, ინვესტიციებში აშშ-დან საქართველოში, ამ ყველაფერს წახალისება სჭირდება.
რა თქმა უნდა, ამ მხრივ, ყველა ნაბიჯს ვდგამთ. პირველი, ჩვენთან ხელშემწყობი საინვესტიციო გარემოა იმისთვის, რომ მათ შორის, ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს. მეორე, საქართველო ყველანაირად მოწყობილია ისე, უსაფრთხოება დაცული იყოს და უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში საფრთხე არ იყოს, რომ საქართველოდან შეიძლება ისეთი ადამიანები შევიდნენ, რომლებიც არასასურველი იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამას ადასტურებს ჩვენი უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთანაც, ამიტომ ჩვენი მხრივ ეს ნაბიჯიც გადადგმულია. პირდაპირ ფრენებს რაც შეეხება, აქაც ჩვენი მხრიდან ყველანაირი მზაობაა ხელი შევუწყოთ ამერიკულ ავიაკომპანიებს, თუ ქართულ ავიაკომპანიებს. ამ სამივე ნაბიჯზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმაა საჭირო - ეს იქნება უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, თუ ინვესტიციების წახალისება იმისთვის, რომ ის საქართველოში მოხვდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უვიზო მიმოსვლისთვის, მხოლოდ ამ ქვეყნის ნებაა საჭირო.
„ამერიკის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო რეჟიმი აქვთ, ჩვენი მხრიდან ვიზის ვალდებულება მოხსნილია. ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ნებაა საჭირო, რომ ვიზა მოიხსნას. სწორია, მართალია, ამერიკას ბევრ ქვეყანასთან არ აქვს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანის მკვიდრებს აქვთ უვიზო მიმოსვლა და არ მგონია, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო მიგრაციული კუთხით თავისი 3,5 მლნ მოსახლეობით რამე საფრთხეს წარმოადგენდეს. რაც შეეხება ავიამიმოსვლას, აქაც ჩვენი მხრივ აბსოლუტური მზაობაა ხელი შეეწყოს ნებისმიერს - ამერიკული ავიაკომპანია იქნება, თუ სხვა, რომ ფრენები მოხდეს.
ჩვენი მხრიდან თუკი, რამე დახმარება იქნება საჭირო, დავეხმარებით. შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც გარკვეული ბიძგები, ან წახალისება მოხდეს ავიაკომპანიების, რომ ეს რეისები დაინიშნოს. იცით, რომ საკმაოდ მაღალია მგზავრთა ნაკადი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ამიტომ ამ მხრივ დატვირთულობა გარანტირებული იქნება. ამ ყველა ინსტრუმენტის კომბინაციით - უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, თავისთავად წაახალისებს, როგორც ხალხთა შორის ურთიერთობას, ასევე ეკონომიკურ ურთიერთობას, ასევე შეიქმნება გარემო იმისთვის, რომ ამერიკული ინვესტიციები მოხვდეს საქართველოში. ასე ხდება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ძალისხმევას საპასუხო ნაბიჯები მოჰყვეს ამერიკის შეერთებული შტატებისგან,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.