რუსეთი საქართველოსთვის ან რომელიმე დემოკრატიისთვის პოზიტიური ცვლილებების ან პოზიტიური გავლენის ძალას არ წარმოადგენს - ელჩი დანიგანი

ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი ნამდვილად არ არის ძალა, რომელსაც საქართველოსთვის ან რომელიმე დემოკრატიისთვის რაიმე დადებითის მოტანა შეუძლია.


ელჩის თქმით, არსებობს დეზინფორმაციის საფრთხე და შესაბამისად, აშშ-სგან არის მზაობა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან და ოპოზიციასთან საიმისოდ, რომ არსებობდეს ნდობა არჩევნებისადმი.

„არ მჯერა იმის, რომ რუსეთი ამ ქვეყანაში ან სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში პოზიტიური ცვლილებების ან პოზიტიური გავლენის ძალას წარმოადგენს. ვფიქრობ, არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია დემოკრატიული სისტემის მიმართ ნდობასა და საარჩევნო სისტემას საფრთხეს შეუქმნის.

აშშ აბსოლუტურად მზად არის, რომ საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან და ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლოს, რათა უზრუნველყოს ის, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა და ქართველებმა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი საარჩევნო ყუთთან მიდიან, ისინი ხმას ფარულად აძლევენ და მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი. ჩვენ საკუთარ რესურსებს ვხარჯავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეა და ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა რობინ დანიგანმა მედიასთან.