ელჩი დანიგანი: გაკვირვებული ვარ ყურადღების მიპყრობით სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან

ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, აშშ-ის ელჩს კითხვა დაუსვეს სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ანგარიშზე, რომელშიც “ენტონი ბლინკენი მოუწოდებს თანამშრომლებს, საუბრისას შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთ გამოთქმებს, როგორებიც არის „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“, „ქმარი.“

ბლინკენმა კოლეგებს მოუწოდა, გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური ენა, როდესაც ეს შესაძლებელია“, რათა „გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები.“

თანამშრომლებს ასევე სთხოვენ, რომ შეხვედრებისას ან ელექტრონული მიმოწერის დროს დაასახელონ თავიანთი ნაცვალსახელები (მაგალითად, He/Him, ის/მას – კაცი, She/Her ის/მას – ქალი და ა.შ.), თუმცა იმავეს გაკეთებას არავის ავალდებულებენ.


დოკუმენტის თანახმად, უმჯობესია, არ იყოს გამოყენებული გავრცელებული ტერმინები, როგორიცაა „დედა/მამა, ვაჟიშვილი/ქალიშვილი, ქალბატონებო და ბატონები“ და ა.შ. და ისინი ჩანაცვლდეს ისეთი სიტყვებით, რომლებიც არ ასახავს ადამიანის გენდერს.

„ეს [ადამიანის] პირადი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ,“ – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამერიკული მედიასაშუალებების - New York Post-ისა და Fox News-ის ცნობით.


„ეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტი და გარკვირვებული ვარ, რომ მან ასეთი ყურადღება მიიპყრო. რეალურად, ეს არის ის იმისთვის, რომ დაეხმარონ სახელმწიფო დეპარტამენტში მყოფ ადამიანებს, იყვნენ უფრო ინკლუზიურები. ამას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მე ვარ ჩემი შვილების ამაყი დედა, ამაყო მეუღლე, ამაყო და, მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა ვეცადოთ, გამოვიყენოთ ისეთი ენა, რომელიც სხვების მიმართ პატივისცემით მოპყრობას გულისხმობს. ქართულ ენას ასევე არ აქვს გენდერული სხვაობა ნაცვალსახელში, (როგორც ინგლისურში He, She), რაც ვფიქრობ საინტერესოა. ყველა უნდა ვცდილობდეთ, ვისარგებლოთ ენით, რომელიც პატივს სცემს სხვებს,“ განაცხადა ელჩმა მედიასთან, საქართველოში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე.


მისი თქმით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ შექმნა 6 000 ახალი სამუშაო ადგილი, დაეხმარა 100 000-მდე ქართველს, გაეზარდათ თავიანთი შემოსავალი და ნამდვილად გააძლიერა სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში.


„მოხარული ვარ დღეს აქ ყოფნით. შევუერთდი საქართველოს მთავრობას და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორიდან, რათა აღვნიშნოთ ​USAID-ის ძალიან წარმატებული პროგრამის დახურვა აქ, საქართველოში. ეს ხუთწლიანი და 27 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა იყო ძალიან ეფექტური საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ აშშ-ის პარტნიორობაზე საქართველოსთან.

32 წლის განმავლობაში ჩვენ ექვსი მილიარდი დოლარი გადავეცით საქართველოს და ეს პროგრამა არის ჩვენი დახმარების სახე. ამ პროგრამამ შექმნა 6 000 ახალი სამუშაო ადგილი, დაეხმარა 100 000-მდე ქართველს, გაეზარდათ თავიანთი შემოსავალი და ნამდვილად გააძლიერა სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში. ასე რომ, ნამდვილად სიამოვნებაა ამ წარმატებული პროგრამის დასრულების აღნიშვნა,“ – განაცხადა ელჩმა დანიგანმა.